Friday, June 27, 2014

კონფერენციის თვითშეფასების ანგარიში

ა    ნ    გ    ა    რ    ი   შ   ი
2014წლის 12 ივნისი

    1.    კონფერენცია
 · კონფერენციის დასახელება/სტატუსი: პროფესორ–მასწავლებელთა    სამეცნიერო    კონფერენცია/მომხსენებელი;
    ·        კონფერენციის ჩამტარებელი ორგანიზაცია: სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  ·      კონფერენციის ჩატარების ადგილი:  ქ.ახალციხე, სამცხე–ჯავახეთის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო    დარბაზი;
    ·      კონფერენციის ხანგრძივობა:  ერთი დღე

     2.     მიზანი  და ამოცანები
·     მიზანი:  პოფესორ–მასწავლებელთა მიერ   გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
· ამოცანები: კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაციის საშუალებით მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება.
     3.     რეზიუმე
   ისტ–თან ინტეგრირებული სასწავლო პროექტ  ,,გიგანტური მაგნიტის“ განხორციელებისას ერთ–ერთი დაგეგმილი აქტივობა იყო სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტი, სადაც მოსწავლეებმა მოისმინეს პროფესორ გიორგი მესხის ლექცია და  დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი და საინტერესო პასუხები მიიღეს.
   2014 წლის 12 ივნისს უნივერსიტეტი ატარებდა პროფესორ–მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელზედაც ბატონი გიორგის მიწვევით წარვადგინე მოხსენება თემაზე: ,,ისტ–თან ინტეგრირებული პროექტებით სწავლების მნიშვნელობა პროექტ ,,გიგანტური მაგნიტის“ მაგალითზე“.
   კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტატუსის მინიჭება, ზოგადად ისაუბრა ასეთი სამეცნიერო  კონფერენციების მნიშვნელობაზე და დიდი მადლობა გადაგვიხადა მონაწილეებს  გამოჩენილი ინიციატივისათვის.
  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ფაკულტეტების დეკანები, სტუმარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
   ამის შემდეგ კონფერენციამ მუშაობა განაგრძო სექციურად ფაკულტეტების მიხედვით. მე მომიწია მუშაობა ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სექციაზე. სექციას ხელმძღვანელობდა პროფესორი–რევაზ ჭიღლაძე.
   გამომსვლელებმა წარმოადგინეს  ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მოხსენებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ ინდივიდუალური ხედვით და საკუთარი კვლევის შედეგები მომხსენებლებმა მეტად საინტერესო ჭრილში წარმოაჩინეს. განსაკუთრებულად აღვნიშნავ ასოცირებული პროფესორის–ლელა წითაშვილის გამოსვლას, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: ,,სოციალური ქსელები და ინტერნეტდამოკიდებულება“. მას ძალიან თვალსაჩინოდ ჰქონდა წარმოდგენილი ინტერნეტში მუშაობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ვფიქრობ ბევრი რამ მისი პრეზენტაციიდან გასათვალისწინებელია, რათა მოსწავლეებთან დიდი სიფრთხილით, ზომიერად  იქნეს გამოყენებული ინფორმაციული ტექნოლოგიები. 
    ჩემი პრეზენტაცია რიგით მესამე იყო. პროფესორ–მასწავლებლებს გავაცანი ჩემს მიერ განხორციელებული პროექტი ,,გიგანტური მაგნიტი“ და გამოყენებული მეთოდები.
   დასაწყისში ყურადღება გავამახვილე პროექტზე დაფუძნებული სწავლების მნიშვნელობაზე და ისტ–თან ფიზიკის ინტეგრირებაზე, რადგან პროექტის მსვლელობისას სკოლის გარეთ  ურთიეთთობებისთვის და მოსწავლეთა მიერ პროექტის პროდუქტების შექმნისას,  ინფორმაციული ტექნოლოგიებს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
 მოკლედ გავაცანი მსმენელებს პროექტის გეგმის, ესგ–სთან კავშირის, დასახული ამოცანებისა და სწავლის შედეგების  შესახებ.
  ყურადღება გავამახვილე პროექტის დასაწყისში გამოყენებულ მეთოდზე, რომელიც ეხებოდა Facebook–ის ჯგუფის შექმნას კლასში და კლასთან დისტანციურად, არასაგაკვეთილო დროს ურთიერთობას სასწავლო მიზნით, განსაკუთრებით შეფასების რუბრიკებისა და პროექტის გზამკვლევებისა თუ სხვადასხვა სახის შაბლონების ელექტრონულად გასაგზავნად, რადგან ამ მასალის ბეჭდვითი სახით მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის დიდ ეკონომიურ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, აგრეთვე აღნიშნული ჯგუფი გამოყენებულ იქნა ჩემს მიერ მშობლებთან კონტაქტისთვის. ამის დასადასტურებლად პრეზენტაციის დროს კოლეგებს გავაცანი იმ გზავნილის შინაარსი, რომლებიც მშობლებისთვის მოვამზადე და მივაწოდე, გავაცანი აგრეთვე მათი პასუხები (რამდენიმე).
   მსმენელებს გავაცანი მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობები და დავასაბუთე კიდეც  ამ აქტივობების საჭიროება თემის სიღრმისეულად შესასწავლად, შეფასების რუბრიკები და გზამკვლევები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარა როგორც პროდუქტების შექმნისას, ისე სწორი თვითშეფასებისთვის, რადგან შეფასების გარეშე, ჩემი აზრით, ვერც  ერთი მეთოდი სრულყოფილი ვერ იქნება. მათ დიდი  სიამაყით წარვუდგინე ის მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები (პრეზანტაცია/სლაიდები, ბუკლეტები, დოკუმენტური ფილმი, პროექტის ბლოგი), რომლებიც შექმნეს მოსწავლეებმა დიდი ძალისხმევისა და მონდომების ფასად.
   ბოლოს კი გავაცანი ჩემს მიერ შექმნილი მასწავლებლის ბლოგის სტრუქტურა.
  ასოცირებული პროფესორი–ზაირა ტყებუჩავა დაინტერესდა ჩემი პროექტით,  მოსწავლეებით და შემომთავაზა, რომ ერთად გვეთანამშრომლა მის სტუდენტებს და ჩემს მოსწავლეებს პროექტში, რომელიც მას შემოდგომისთვის აქვს დაგეგმილი.
   საღამოს 17:30 სთ–ზე მოხდა კონფერენციის შეჯამება. სექციის ხელმძღვანელებმა მოკლე რეზიუმე გააკეთეს საკუთარი სექციებზე პროფესორ–მასწავლებლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და დადებითად შეაფასეს. კონფერენცია დახურა უნივერსიტეტის რექტორმა.
  კონფერენციის დახურვაზე დიდი მადლობა გადავუხადე რექტორს  ამ შესაძლებლობის მოცემისთვის და მასწავლებელთა სახელით ჩემი მოკრძალებული თხოვნაც გადავეცი, რომ დაეგეგმათ და განეხორციელებინათ ერთობლივი კონფერენციები ,,უნივერსიტეტი–სკოლას, სკოლა–უნივერსიტეტს“, რომლის გამოცდილებაც აქვთ საქართველოს სხვა უნივერსიტეტებს. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა ბატონმა მერაბ ბერიძემ და აღნიშნა, რომ სკოლებთან ურთიერთობა უნივერსიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია.
  უნივერსიტეტის მიერ გამართულ აღნიშნული სახის კონფერენციებში მონაწილეობით მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ გამოცდილება საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან  კოლეგებს გაუზიარონ და იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე.
      4.    კონფერენციის მნიშვნელოვნების დასაბუთება
   ამ კონფერენციაში მონაწილეობას ჩემთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, რადგან ასეთი სახის კონფერენციაში (ვგულისხმობ სამეცნიეროს) პირველად ვესწრებოდი  არა მსმენელად,  არამედ მომხსენებლად.
   ჩემთვის ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი  იყო იმ გაგებით, რომ გავეცანი პროფესორ–მასწავლებლების მიერ განხორციელებულ კვლევებს და შევძელი პარალელი გამევლო პედაგოგიურ კვლევასთან, რომელიც წარმატებული მასწავლებლობისთვის ერთ–ერთი აუცილებელი საქმიანობაა.
   აღნიშნულმა კონფერენციამ და ამდენი წარმატებული ადამიანის მოსმენამ  მეც აღმიძრა საკმაოდ რეალური სურვილი იმისა, რომ რომ გავხდე დოქტორანტი (რამდენად განვახორციელებ არ ვიცი, თუმცა ამის დიდი სურვილი გამიჩნდა).
  ვფიქრობ კონფერენციის დახურვაზე ჩემს მიერ გაჟღერებული მოკრძალებული სურვილი, რომ უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს მასწავლებლების, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის პდაგოგების პროფესიულ განვითარებას ერთობლივი კონფერენციებით, შედეგს გამოიღებს და იმ მასწავლებლებს, რომლებიც ვერ ახერხებენ რეგიონიდან გასვლას და დასწრებას მასწავლებელთა სხვადასხვა სახის კონფერენციებზე, ამის საშუალება ადგილზე მიეცემათ.
   კონფერენციაში მონაწილეობამ და პროფესორ–მასწავლებლების მხრიდან ჩემს პრეზენტაციაზე გაკეთებულმა კომენტარებმა თუ შეფასებებმა საგრძნობლად გაზარდა ჩემი, როგორც მასწავლებლის მოტივაცია და თვითშეფასება. 

ხელმოწერა:           სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი
მაია თათეშვილი

          თარიღი:                                                                             23. 06. 2014 წელი